საქართველოს სამეფო სახლის გენეალოგია
საქართველოს სამეფო სახლის გენეალოგია თოთხმეტ საუკუნეზე მეტ დინასტიურ ისტორიასა და ტრადიციას მოიცავს. ქვემოთ წარმოდგენილი გენეალოგიური ტაბულა ასახავს ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავლობის ხაზებსა და მის ძირითად სამეფო და გვერდით შტოებს შორის ნათესაურ კავშირებს, ქართლის ადრეული მმართველებიდან დღევანდელ სამეფო სახლამდე.
ტაბულაზე წარმოდგენილია საქართველოს სამეფო სახლის მიერ აღიარებული გენეალოგია. მასში ასახულია როგორც ის შტოები, რომელთა წარმომადგენლები ერთიანი საქართველოსა და მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სამეფოების ტახტებს ფლობდნენ, ისე გვერდითი შტოები, რომელთა წარმომადგენლებსაც სამეფო ტახტი არ დაუკავებიათ. ტაბულაზე პირის შეტანა თავისთავად არც მის დღევანდელ სამეფო ოჯახში წევრობას ნიშნავს და არც დინასტიურ თანამდებობას ან მიმართვის რომელიმე ფორმით სარგებლობის უფლებას ანიჭებს.
გენეალოგიის სათავეები
გენეალოგიის პირველი თაობები შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიაში დაცულ უძველეს დინასტიურ ტრადიციას ასახავს. ამ ტრადიციის თანახმად, ბაგრატიონები ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები არიან. ქართული მატიანეები ქართლის პირველ ბაგრატიონ ერისმთავარ გუარამს დედის ხაზით ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიასაც უკავშირებენ.
ეს ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში დინასტიის მიერ საკუთარი წარმომავლობისა და ქრისტიანული მეფობის გააზრების განუყოფელი ნაწილი იყო. ადრეული შუა საუკუნეებიდან ბაგრატიონთა ისტორიული გენეალოგია სულ უფრო დაწვრილებით იკვეთება. ამ ხანაში საგვარეულოს წარმომადგენლებმა ქართლში, ტაო-კლარჯეთსა და სხვა ქართულ მიწებზე ხელისუფლება მოიპოვეს.
888 წელს ადარნასე II-მ „ქართველთა მეფის“ ტიტული მიიღო. 978 წელს ბაგრატ III აფხაზთა მეფედ აკურთხეს, ხოლო 1008 წელს იგი პირველი ხელმწიფე გახდა, რომელიც „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტულს ატარებდა. ამით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ხელისუფლება ერთ ხელში გაერთიანდა.
ერთიანი საქართველოს სამეფო შტო
ბაგრატ III-დან მოყოლებული ტაბულა ერთიანი საქართველოს ხელმწიფეთა მემკვიდრეობასა და შთამომავლობას ასახავს. ამ სამეფო შტოს ეკუთვნოდნენ წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებელი, წმინდა თამარ მეფე და სხვა მონარქები, რომლებიც ქვეყანას ერთიანობისა და აღმავლობის, უცხოელთა შემოსევების, აღდგენისა და საბოლოო პოლიტიკური დაშლის ხანებში მართავდნენ.
ზოგჯერ დინასტიის ერთზე მეტი წარმომადგენელი სამეფო ხელისუფლებას ერთდროულად ახორციელებდა. მათ შორის იყვნენ როგორც თანამეფეები, ისე სხვადასხვა ქართული სამეფოს ხელმწიფეები. ამიტომ სხვადასხვა სამეფოსა და შტოში ერთი და იგივე სახელები და რიგითი ნომრები გვხვდება. მათი სწორად გაგება მხოლოდ ტაბულაზე მითითებული კონკრეტული სამეფოსა და პერიოდის გათვალისწინებით შეიძლება.
გვერდითი სამეფო შტოები
XV საუკუნეში ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ბაგრატიონთა სხვადასხვა შტო ქართლის, კახეთისა და იმერეთის ტახტებს ფლობდა. ისინი დამოუკიდებელი დინასტიები კი არ იყვნენ, არამედ ბაგრატიონთა ერთი სამეფო სახლის შტოებს წარმოადგენდნენ.
დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის შტოები
ტაბულაზე წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს ადრეული სამეფო შტოც, რომელიც მეფე დავით VI ნარინისგან იღებს სათავეს. 1259 წელს დავითმა დასავლეთ საქართველოში ცალკე მმართველობა დაამყარა, სამეფო კარი ქუთაისში მოაწყო და 1293 წლამდე იმეფა. XIII და XIV საუკუნეებში მისი შთამომავლები დასავლეთ საქართველოში მმართველობას განაგრძობდნენ, თუმცა მათი სამეფოს სტატუსი და აღმოსავლეთ საქართველოს მონარქიასთან ურთიერთობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა.
იმერეთის გვიანდელი სამეფო შტო სათავეს იღებს საქართველოს მეფე ბაგრატ VI-ისგან, რომელიც იმერეთში ბაგრატ II-ის სახელით იყო ცნობილი და 1463 წელს თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. მისმა ვაჟმა, მეფე ალექსანდრე II-მ, საფუძველი ჩაუყარა იმ დინასტიურ ხაზს, რომელსაც იმერეთის შემდგომი მეფეები ეკუთვნოდნენ. იმერეთის მონარქია 1810 წელს დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ სამეფოს ანექსიის შედეგად მეფე სოლომონ II-ს ტახტი ჩამოართვეს.
ქართლის შტო
ქართლის სამეფო შტო მეფე კონსტანტინე II-ისგან იღებს სათავეს. იგი ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილი იყო. კონსტანტინე II და მისი შთამომავლები ერთიანი სამეფოს საბოლოო დაშლისა და ქართლის ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბების ხანაში მეფობდნენ. მუხრანბატონთა შტო სწორედ ამ ხაზს გამოეყო.
კახეთის შტო
კახეთის სამეფო შტო ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII-ისგან იღებს სათავეს. მოგვიანებით გიორგი VIII-მ კახეთის სამეფო დააარსა. მისმა შთამომავლებმა კახეთის სამეფო ხაზი განაგრძეს და შემდგომ ქართლის ტახტსაც დაუკავშირდნენ.
ქართლ-კახეთის შტო
1762 წელს, ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ვაჟმა, კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ქართლისა და კახეთის გვირგვინები გააერთიანა. 1798 წელს ტახტზე ერეკლეს ვაჟი, მეფე გიორგი XII, ავიდა.
გიორგი XII 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მის უფროს ვაჟს, ტახტის მემკვიდრედ დანიშნულ დავით ბატონიშვილს, გამეფების საშუალება არ მისცა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ მონარქია გააუქმა და ქართლ-კახეთის სამეფო შეიერთა. ტაბულაზე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფეების შთამომავლობა ბაგრატიონ-გრუზინსკთა შტოს ხაზით გრძელდება.
მუხრანბატონთა შტო
სამეფო სახლის მუხრანბატონთა შტოს 1512 წელს საფუძველი ჩაუყარა ბაგრატ I-მა, ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის უმცროსმა ვაჟმა და მეფე დავით X-ის ძმამ. ბაგრატმა მუხრანი საუფლისწულოდ, ანუ მემკვიდრეობით სამფლობელოდ, მიიღო და ზემო ქართლის სარდლად მსახურობდა. მუხრანის მემკვიდრეობითი მმართველი „მუხრანბატონის“, ანუ მუხრანის ბატონის, ტიტულს ატარებდა.
შემდგომში მუხრანბატონთა შტოს რამდენიმე წარმომადგენელი ქართლის მეფე გახდა. 1658 წელს მუხრანბატონი ვახტანგ V ქართლის ტახტზე ავიდა. მოგვიანებით ტახტი ამავე შტოს სხვა წარმომადგენლებმაც დაიკავეს. მუხრანბატონებმა აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკურ, სამართლებრივ და კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.
საქართველოს სამეფო სახლი მუხრანბატონთა შტოს ბაგრატიონთა დინასტიის დღემდე შემორჩენილ გენეალოგიურ შტოებს შორის უფროს შტოდ აღიარებს. სამეფო სახლის დღევანდელი მეთაური სწორედ ამ შტოს შთამომავალია.
დღევანდელი სამეფო ხაზი
XX საუკუნეში სამეფო სახლის მეთაურობა უფლისწულ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისგან მის ვაჟს, უფლისწულ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელს, გადაეცა. უფლისწული გიორგი 2008 წლის 16 იანვარს თბილისში გარდაიცვალა. დინასტიური ტრადიციის შესაბამისად, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური მისი ვაჟი, მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონი, გახდა.
2009 წელს ბატონიშვილი დავით უფლისწულ ანა ბაგრატიონზე დაქორწინდა. უფლისწული ანა ბაგრატიონ-გრუზინსკთა შტოს წარმომადგენელია. მათი ვაჟი, მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი ბაგრატიონი მუხრანბატონიშვილი, 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა. მამის ხაზით უფლისწული გიორგი მუხრანბატონთა შტოს შთამომავალია, რომელსაც საქართველოს სამეფო სახლი უფროს შტოდ აღიარებს. დედის ხაზით იგი ქართლ-კახეთის სამეფო შტოს შთამომავალია. გენეალოგიური ტაბულა მის წარმომავლობაში ამ ორი შტოს გაერთიანებასაც ასახავს.
გენეალოგიური ტაბულის წაკითხვა
- შემაერთებელი ხაზები თაობებს შორის წარმომავლობასა და ნათესაურ კავშირებს აღნიშნავს.
- განშტოებული ხაზებით აღნიშნულია გვერდითი შთამომავლები და დინასტიის ძირითადი სამეფო შტოები.
- ერთი და იგივე სახელი ან რიგითი ნომერი შეიძლება სხვადასხვა მმართველს ან სხვადასხვა ქართული სამეფოს მეფეს ეკუთვნოდეს.
- უძველეს თაობათა ნათესაური კავშირები ქართველ ისტორიკოსთა მიერ შემონახულ დინასტიურ ტრადიციას ასახავს, შემდგომ თაობათა ნათესაური კავშირები კი სამეფო სახლის ისტორიულ გენეალოგიას ეფუძნება.
- ტაბულა დინასტიური შთამომავლობის ძირითად ხაზებს ასახავს და ბაგრატიონთა საგვარეულოს ყველა მეუღლეს, შვილსა თუ გვერდით შთამომავალს არ მოიცავს.
