ოთხშაბათი, 2017 წლის 8 მარტი.
კენსინგტონის სასახლე, ლონდონი.
მის უდიდებულესობას, გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს, დღეს საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი ყელსაბამი გადაეცა.
მათმა სამეფო უმაღლესობებმა, გლოსტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, კენსინგტონის სასახლეში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში მიიღეს მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიური მემკვიდრე და საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. იქ უფლისწულმა დავითმა საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი ყელსაბამის დამის ინსიგნია დედოფლის წარმომადგენელს — მის სამეფო უმაღლესობას, უფლისწულ რიჩარდს, გლოსტერის ჰერცოგს — გადასცა.
უფლისწულ დავითს სურდა, დიდი ყელსაბამი დედოფლისთვის 2016 წლის 11 ივნისს, მისი უდიდებულესობის ოფიციალური 90-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გადაეცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ უფლისწულის ეს სურვილი დიდი კეთილგანწყობით მიიღო.
ოფიციალური გადაცემისთვის ყველაზე შესაფერის დროდ გაერთიანებულ სამეფოში უფლისწულ დავითის მეორე სამეფო ვიზიტის პერიოდი მიიჩნიეს. მისი უდიდებულესობისთვის ორდენის გადაცემა განაგრძობს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და კეთილი ურთიერთობების განმტკიცებას.
დიდი ყელსაბამი ორდენის უმაღლესი ხარისხია; საქართველოს სამეფო სახლი მას მონარქებს, სახელმწიფოთა მეთაურებს, ეკლესიათა მეთაურებსა და სამეფო სახლთა მეთაურებს ანიჭებს.
სასახლეში უფლისწულ დავითს თან ახლდნენ ლორდი ლინგფილდი (უფლისწულის სპეციალური წარმომადგენელი გაერთიანებულ სამეფოში), ჯორჯიოს ბარონი და სან-ხორხეს ჰერცოგი.
გლოსტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უფლისწულ დავითთან ერთად საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს, მათ შორის — ბრიტანულ-ქართული ურთიერთობები და ყოფილი საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო განმტკიცებული კავშირები. მათ ასევე ისაუბრეს უფლისწულ ირაკლი ბაგრატიონის ფონდის მიერ საქართველოში სახლ-კარ დაკარგულ დევნილთა დასახმარებლად განხორციელებულ ჰუმანიტარულ და მოხალისეობრივ საქმიანობაზე, აგრეთვე იერუსალიმის წმინდა იოანეს უღირსეულესი ორდენის ფართოდ ცნობილ ჰუმანიტარულ და მოხალისეობრივ საქმიანობაზე. ამ ორდენის დიდი პრიორი გლოსტერის ჰერცოგია.
უფლისწულმა დავითმა გლოსტერის ჰერცოგს სთხოვა, დედოფლისთვის გადაეცა მისი უდიდესი პატივისცემა, გულთბილი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები, აგრეთვე მადლობა იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც უფლისწულ დავითს ვიზიტის დროს გაუწიეს.
მარცხნიდან მარჯვნივ: მისი სამეფო უმაღლესობა გლოსტერის ჰერცოგი; მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიური მემკვიდრე; და მისი სამეფო უმაღლესობა გლოსტერის ჰერცოგინია.
