
საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონი მუხრანბატონი, დიდი ჩინეთის რექტორიის პირველ ინვესტიტურასა და გალა ვახშამზე დასასწრებად ჰონგ-კონგსა და მაკაოს ეწვია.
მაკაოში ვიზიტის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა იყო მისი სამეფო უმაღლესობისთვის სინო-ფილ აზიის საერთაშორისო მშვიდობის ჯილდოების ფონდის „მემკვიდრეობის ჯილდოს“ (Heritage Award) გადაცემა. ჯილდო მას ფონდის საბჭოს თავმჯდომარემ ბილი ჩანმა გადასცა. ამ ჯილდოთი ფონდმა აღიარა მისი სამეფო უმაღლესობის ჰუმანიტარული საქმიანობა და წვლილი მშვიდობის განმტკიცებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. ფონდმა განსაკუთრებით აღნიშნა ოპერაცია „თოვლის ლეოპარდის“ (Operation Snow Leopard) მხარდაჭერა, რომელიც ავღანეთში საფრთხის წინაშე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ეხმარებოდა, და სამეფო სახლის მონაწილეობა გაეროს შტაბბინაში გენოციდის პრევენციის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში.
მანილაში დაარსებული ფონდი აჯილდოებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც მშვიდობის განმტკიცებასა და ადამიანთა კეთილდღეობას ემსახურება. ფონდის ჯილდოები განათლების, ჯანდაცვის, ქველმოქმედების, საჯარო სამსახურისა და ხელოვნების სფეროებში მიღწეულ წარმატებებს აღიარებს და მშვიდობის საქმეში სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა წვლილს წარმოაჩენს.
დაჯილდოების ცერემონია დიდი ჩინეთის რექტორიის პირველი ინვესტიტურისა და გალა ვახშმისადმი მიძღვნილი ვიზიტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ამ ღონისძიებებისა და ჰონგ-კონგსა და მაკაოში სამეფო ვიზიტის შესახებ ვრცელ მასალას ჩვენს ვებგვერდზე მალე გამოვაქვეყნებთ.