Los Angeles-ში საქართველოს არწივის ორდენის მრგვალი მაგიდა გაიმართა

Los Angeles-ში გამართული საქართველოს არწივის ორდენის მრგვალი მაგიდა

2026 წლის 20 მარტს, პარასკევ დილით, საქართველოს სამეფო სახლმა Los Angeles-ში, სასტუმრო The Montrose at Beverly Hills-ში, საქართველოს არწივის ორდენის მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრამ მაღალი რანგის პირები, სამეფო ორდენების წევრები და მოწვეული სტუმრები შეკრიბა. მონაწილეებმა საერთო ინტერესის საკითხები და მიმდინარე ინიციატივები საფუძვლიანად განიხილეს.

შეხვედრას მასპინძლობდა მისი აღმატებულება მაიორი ჯეისონ ჰეჩი, ამერიკის შეერთებული შტატების რექტორ-კოორდინატორი, ხოლო უძღვებოდა მისი უმაღლესობა თავადი კიმონ ანდრეუ, საქართველოს სამეფო სახლის მწიგნობართუხუცესი და სამეფო ორდენების ვიცე-კანცლერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მათი სამეფო უმაღლესობები, ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავითი და უფლისწული გიორგი ბაგრატიონი. მთელი დილის განმავლობაში კეთილგანწყობილი და საქმიანი გარემო სუფევდა, რამაც დამსწრეთა შინაარსიან მსჯელობასა და აქტიურ მონაწილეობას შეუწყო ხელი.

პროგრამა ისტორიულ და თანამედროვე საკითხებზე მოხსენებათა სერიას მოიცავდა. მისი საიმპერატორო და სამეფო უმაღლესობა უფლისწული მარია-ანა გოლიცინა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, თავისი ბაბუის, ნეტარი კარლის, შესახებ მოხსენებით წარდგა. მან მსმენელებს კარლის ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებ პირადი დაკვირვებები და ისტორიული ცნობები გაუზიარა.

მაიორმა ჰეჩმა საქართველოს სამეფო სახლის ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ახალი ინიციატივა, „აიშას რვეული“ (Aisha’s Notebook), წარადგინა. ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს ადამიანით მოვაჭრეთა მოქმედების ხერხები და ამ დანაშაულთან დაკავშირებული საფრთხეები, რათა მათ საკუთარი თავის უკეთ დაცვა შეძლონ. ინიციატივა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობასაც ითვალისწინებს, რათა ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი ქსელი შეიქმნას. პროგრამა თავდაპირველად მსოფლიოს განვითარებად რეგიონებში ამოქმედდება, შემდეგ კი ეტაპობრივად გაფართოვდება. „აიშას რვეულის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება.

პროგრამის ფარგლებში სამეფო მხატვარ-ჰერალდიკოსმა ტანია კროსინგემმა საქართველოს სამეფო ჰერალდიკური კოლეჯის შესახებ მოხსენება წარადგინა და კოლეჯის დანიშნულებასა და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრა. მან ასევე პირველად წარმოადგინა თავისი უახლესი ნამუშევარი, გარდაბნის ჰერცოგისთვის გერბის მინიჭების პატენტ-სიგელის მხატვრული გაფორმება.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ბავშვებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ვირჯინია გამბა. მან დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა და გაეროში მუშაობისას დაგროვილ გამოცდილებაზე ისაუბრა. ქალბატონმა გამბამ დამსწრეებს გაეროს გენერალური მდივნის შერჩევის პროცესი და ორგანიზაციის მუშაობის შიდა მექანიზმებიც გააცნო.

მრგვალი მაგიდა ინფორმაციის გაზიარებისა და შინაარსიანი მსჯელობის ფორუმად იქცა. შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო სამეფო სახლის ერთგულება განათლების, ჰუმანიტარული საქმიანობისა და საერთაშორისო დიალოგისადმი. მან დამსწრეებს მიმდინარე ინიციატივების უკეთ გააზრების შესაძლებლობა მისცა და, ამავე დროს, ამერიკის კონტინენტებში სამეფო ორდენების წევრებსა და სამეფო სახლის მხარდამჭერებს შორის კავშირები განამტკიცა.